შობა კვიპროსზე

კვიპროსზე შობა ყოველთვის ძალიან ტრადიციულად აღინიშნება. უდავოა, რომ ის ჯადოსნური, ძვირფასი და ყველაზე საყვარელი დღესასწაულია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. კვიპროსსა და საბერძნეთს საშობაო წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების უმეტესობა საერთო აქვთ. მათ კულტურებს მრავალი საერთო შეხების წერტილი აქვთ, ამიტომაც მათი საშობაო ტრადიციებიც ერთი და იგივეა ან ძალიან მსგავსია. ამ მიზეზის გამო, ქვემოთ იხილავთ რამდენიმე დამატებით აქტივობას, რომელიც არაა ნახსენები საბერძნეთის მასალაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც საბერძნეთთან დაკავშირებითაა ნახსენები, კვიპროსზეც ხდება. გარდა საშობაო ნაძვის ხის მორთვისა, სანტა კლაუსთან დაკავშირებული ამბისა და ტრადიციული საშობაო კერძებისა, მოდით გადავხედოთ სხვა წეს-ჩვეულებებს: გარდა საშობაო ნაძვის ხისა, რომელიც დომინირებს ყოველ საშობაო დეკორაციაში, კვიპროსზე (და საბერძნეთში), ასევე არის მცენარე, რომელიც სახლში გამოიყენება ამ პერიოდის განმავლობაში და მას ხშირად ჩუქნიან. ფლორისტებს აქვთ ცნობილი წითელი ყვავილი პუანსეტია წითელი ფურცლებით, რომელიც მზადაა ყველა სახლი გაანათოს და მას ალექსანდრინოს უწოდებენ.

ტრადიციულად, საბერძნეთის მართლმადიდებლური რელიგიის მიმდევრები 25 დეკემბრამდე 40 დღის განმავლობაში მარხულობენ, სხეულის განსაწმენდად და ქრისტეს დაბადების აღსანიშნავად. მართალია, ამ ტრადიციას დღესდღეობით ცოტა ადამიანი ინარჩუნებს, მაგრამ შობის დღე მარხვის დასასრულია და ბევრი კერძით აღინიშნება.

მრავალი კვიპროსული ტრადიცია კვებას უკავშირდება. სეზონის ყველაზე პოპულარული ტკბილეულია მელომაკარონა (დარიჩინისა და ფორთოხლის პეჩენიები, თაფლის სიროფის ჭიქურით, დაფარული თხილით) და კურაბიე (შაქრის პუდრით დაფარული ნუშის პეჩენია). შობის ღამეს, კვიპროსელი ქალები აცხობენ სპეციალურ პურს სახელწოდებით „გენოპიტა“, რომელიც ცნობილია, როგორც „ქრისტოფსომო“.  ესაა ტკბილი პური, რომლის სახელწოდებაც ნიშნავს „ქრისტეს პურს“ და როგორც წესი, მასზე გამოსახულია ჯვარი. ის იჭმევა შობის დღეს, დიდ სუფრაზე. საკვებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ტრადიცია არსებობს ეპიფანიის დღისთვის. დიასახლისები აცხობენ „ქსეროტიანას“, ე.წ. ბერძნულ თაფლის ბურთულებს, რომლებიც ფუნთუშას სახეობას წარმოადგენს. ისინი ისვრიან ქსეროტიანებს სახლების სახურავებზე, რათა ისინი შეჭამონ საფრთხობელებმა ანუ „კარაკონჯულებმა“ და შემდეგ, წავიდნენ.

ლიტურგიის შემდეგ, სოფლის მღვდელი დადის სახლების გარშემო და ნაკურთხ წყალს აპკურებს ადამიანებს. ამ წესს „კალანტა“ ეწოდება და დღესდღეობით ბავშვების მიერ შესრულებული საშობაო ჰიმნის - „კალანტას“ - თანამედროვე ვერსიის წინაბორბედია. მღვდელს თან ახლდა ბავშვი, რომელსაც ნაკურთხი წყლით სავსე ჭურჭელი დაჰქონდა. ხალხი ხურდა ფულს ყრიდა ჭურჭელში, მღვდლისთვის საჩუქრად. ყველა ბავშვი სიმღერით დადიოდა სახლების გარშემო ფულის საშოვნელად, რასაც კვიპროსულ დიალექტზე „პლოუმიზმა“ ეწოდება. დღესდღეობით, ბავშვების ჯგუფები იკრიბებიან, კარდაკარ დადიან „სამკუთხედებითა“ და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით და მღერიან საშობაო ჰიმნს შობის ღამეს. ისინი კარებზე აკაკუნებენ და ეკითხებიან: “Na ta pume, na ta pume?” რაც ნიშნავს „ვიმღეროთ?“ სიმღერის შემდეგ მათ ჩუქნიან მცირე თანხას ან კურაბიეს და მელომაკარონას.

ზოგიერთ სოფელში არსებობს საინტერესო რიტუალი, რომლის დროსაც კოცონის გარშემო მსხდომი ადამიანები ჰაერში ჯვარს გამოსახავენ ზეთისხილის ფოთლით, შემდეგ ჩაიფიქრებენ განსაკუთრებულ სურვილს და ცეცხლში ადგებენ ხის ტოტს ითვლება, რომ ტოტის მსროლელი ადამიანი ფიქრობს მასზე, ვინც უყვარს; თუ ზეთისხილის ფოთლები გატკაცუნდება და აისხლიტება ცეცხლში ჩაგდებისას, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ადამიანსაც უყვარს ეს ადამიანი.

ბავშვები ახალ წელს იღებდნენ საჩუქრებს და არა შობას, რადგანაც მათი „სანტა“ არის აი-ვასილისი. მას 1 იანვარს ზეიმობენ, ამიტომ, ახალი წლის ღამეს,  როდესაც ბავშვები დაიძინებდნენ, დედა საშობაო ნაძვის ხესთან დებდა სანტას ნამცხვარს, რომელშიც მონეტა იყო მოთავსებული, ანთებდა მასზე სანთელს და მის გვერდით ღვინით სავსე თასს დგამდა. ტრადიციის მიხედვით, აი-ვასილისი გადაღლილი მოდიოდა, ლოცავდა ნამცხვარს და სვამდა ღვინოს. ამის შემდეგ ის ხის ქვეშ აწყობდა საჩუქრებს ოჯახის ბავშვებისთვის. ბავშვები დილით ადრე იღვიძებდნენ და მას შემდეგ, რაც გაჭრიდნენ სანტას ნამცხვარს - „ვასილოპიტას“, იმის სანახავად, თუ ვინ აღმოჩნდა წლის იღბლიანი ადამიანი -  ადამიანი, რომელსაც ნამცხვარში მონეტა შეხვდა - ისინი მირბოდნენ ხის ქვეშ თავიანთი სათამაშოების სანახავად.

ასევე ბებია-ბაბუები ფულს აძლევდნენ ("ploumizoun") თავიანთ შვილიშვილებს ეპიფანიიის დილას, 6 იანვარს. ბავშვები დილით ადრე მიდიოდნენ ბებია-ბაბუებთან და ამბობდნენ ლექსს "Kalimera ke ta Phota ke tin ploumistira prota" (დილა მშვიდობისა ამ ნათელ დღეს და მოდით, ჯერ საჩუქრები მივიღოთ). ბებია-ბაბუები ნასიამოვნები იყვნენ და ფულით ასაჩუქრებდნენ მათ.

შობა საბერძნეთში

მართალია, თქვენთვის შეიძლება ნაცნობი იყოს მორთული ხეები და რუდოლფი, მაგრამ საბერძნეთში შობა ცოტათი განსხვავებულია. წარმოგიდგენთ ხუთ გავრცელებულ ტრადიციას, რომელიც საბერძნეთში მთელი საშობაო სეზონის განმავლობაში მოქმედებს!

საშობაო ნავები და ნაძვის ხეები

boat and trees

მართალია, საშობაო ნაძვის ხეები საკმაოდ პოპულარულია შეერთებულ შტატებში, საშობაო ნაძვის ხეები და ნავები საბერძნეთის კუნძულების სოფლებშიც შეგვხდებათ. ქვეყნის ისტორიის მანძილზე, ბერძენი ცოლები და ბავშვები ხის ნავებს რთავდნენ ზღვიდან უსაფრთხოდ დაბრუნებული მეუღლეებისა და შვილების დასახვედრად. ეს ტრადიცია დღემდე არსებობს.

 

ბავშვები მღერიან კალანტას

შობის ღამეს, ბავშვები ჯგუფებად დადიან სახლიდან სახლში თავიანთ სამეზობლოში და მღერიან ბერძნულ საშობაო ჰიმნს, ანუ „კალანტას“. ზოგჯერ, ბავშვები რამდენიმე სტროფს ამატებენ, რომლითაც ახალი წლის მანძილზე კეთილღეობასა და დღეგრძნელობას უსურვებენ ოჯახის უფროსს. სიმღერის პარალელურად ისინი ხშირად უკრავენ მუსიკალურ „სამკუთხედზე“. მასზე დაკვრა აუცილებელი არაა, ჰარმონიაში იყოს მათ ნამღერ ჰიმნთან, ეს უფრო მეტად ტრადიციის ნაწილია.

children singing kalanta

ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ინსტრუმენტები, როგორიცაა გარმონი ან დოლი. მას შემდეგ, რაც მეზობლებს ბედნიერ დღესასწაულებს უსურვებენ, ბავშვები დასაჩუქრდებიან ტკბილეულით, ჩირითა და ცოტაოდენი ხურდა ფულით.

ქრისტეს პური (ქრისტოფსომო)

ქრისტოფსომო (ქრისტეს პური) მრგვალი პურია, რომელიც მთავარი პროდუქტია ბერძნულ საშობაო სუფრაზე. „ქრისტოფსომო ოსმალეთის ეპოქით თარიღდება და დღემდე რჩება ტრადიციული სადღესასწაულო სუფრის ნაწილად, რომელიც ბერძნული საშობაო ტრადიციების ცნობილი ელემენტია“, განმარტავს კარამანესი. მართალია, მორთულობა განსხვავდება რეგიონების მიხედვით და ადაპტირებულია იმგვარად, რომ წარმოადგენდეს ოჯახის ცხოვრებასა და მუშაობას, ყველა ქრისტოფსომოს ცენტრში ცომისგან დამზადებული ჯვარი აქვს, ასევე ზემოდან დაყრილი აქვს ნუში და თხილი კეთილდღეობის სიმბოლოს სახით. კარამანესი ასევე მიუთითებდა, რომ „ცომისგან სასოფლო-სამეურნეო ცხოვრების სცენების (მაგ. ცხოველები, ფერმები და ვენახები) შესრულებით, დიასახლისები ცდილობდნენ, რომ ქრისტოფსომო განესხვავებინათ ჩვეულებრივი პურისგან და აღენიშნათ შობის განსაკუთრებული დღე. ამავდროუად. მისი სიმბოლური მნიშვნელობაა ოჯახისთვის ნაყოფიერი წლის მოტანა“. ქრისტოფსომო შობის ღამეს იჭმევა.

christopsomo

საშობაო დესერტი

მელომაკარონა (თაფლის პეჩენიები) და კურაბიე (შაქრის პუდრით დაფარული კარაქის პეჩენიები) ყველაზე პოპულარული ტრადიციული საშობაო დესერტებია საბერძნეთში. კარამანესის ინფორმაციით, მხოლოდ ადგილობრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს უგემრიელესი დელიკატესი, ანტიკური ხანიდან წარმოადგენდა ბერძნული ტრადიციის ნაწილს. „მელომაკარონას და კურაბიეს მთავარი ინგრედიენტებია ზეთი, თაფლი, ფორთოხალი და თხილი, რომლებიც ყველაზე ცნობილი საკვები პროდუქტებია საბერძნეთში. მართლია, დღესდღეობით ეს თაფლის პეჩენიები საშობაო პერიოდს უკავშირდება, უძველეს დროში, ბერძნები მას ყოველდღიური დესერტის სახით მიირთმევდნენ“, აცხადებს კარამანესი.

Kourabiedes

ვასილოპიტა

ვასილოპიტა, რაც ითარგმნება, როგორც წმინდა ბასილის ნამცხვარი, ტრადიციული საახალწლო დესერტია; ყოველი ვასილოპიტა მონეტას შეიცავს; ოჯახის უფროსი ჭრის ნამცხვარს და მას, ვისაც მონეტა შეხვდება, იღბლიანი წელი ელოდება. ეს ტრადიცია ეფუძნება მითს, რომლის თანახმადაც კაპადოკიის მცხოვრებლები ფულს და სამკაულებს აგროვებდნენ, რათა ტერიტორიის ტირანი პრეფექტისთვის გადასახადის სახით გადაეცათ.

წმინდა ბასილმა მოარხერხა პრეფექტის აზრის შეცვლა და ადგილობრივი მოსახლეობის გათავისუფლება ძვირფასეულობის გაცემისგან. არ იცოდნენ რა, თუ როგორ უნდა დაებრუნებინათ ნივთები კანონიერი მფლობელებისთვის, მაცხოვრებლებმა გაითვალისწინეს წმინდა ბასილის რჩევა და მცირე ზომის ნამცხვრები გამოაცხვეს. ამის შემდეგ, წმინდა ბასილმა სამკაულები და ფული ჩადო ნამცხვრებში და სასწაულებრივად, ყველა ადამიანმა საკუთარი ძვირფასეულობა მიიღო.

წყლის კურთხევა (ეპიფანია)

epiphany

ეპიფანია (6 იანვარს), რომელსაც საბერძნეთში თეოფანიას და ასევე „ტა ფოტას“ (რაც „სინათლეს“ ნიშნავს) უწოდებენ, წარმოადგენს წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში ქრისტეს მონათვლის აღმნიშვნელ დღესასწაულს. საღვთო ლიტურგიის შემდეგ, მღვდლები ახორციელებენ წყლის კურთხევას. მღვდლები ზღვაში, მდინარესა ან ტბაში აგდებენ ჯვარს, ხოლო მამაკაცების ჯგუფი წყალში ხდება მის გადასარჩენად. ამბობენ, რომ ის, ვინც ჯვარს იპოვის, მთელი წლის მანძილზე დალოცვილი იქნება და რომ ცერემონიის შემდეგ წყალი მთლიანად იწმინდება.

შობა ლიბანში

Christmas tree in Lebanon

დედაქალაქ ბეირუთში დიდი და გლამურული საშობაო წვებულებები იმართება დიდ სასტუმროებში და მათ ბევრი ადამიანი ესწრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი არ არიან ქრისტიანები. ასევე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება პუანსეტიებით მორთვა დასავლურ სტილში, საშობაო განათებები, საშობაო ნაძვის ხეები საზოგადოებრივ ადგილებში.

როდესაც ადამიანები ერთმანეთთან სტუმრად დადიან შობას, ხშირად მიირთმევენ დაშაქრულ ნუშს მაგარ ტკბილ ალკოჰოლურ სასმელთან ერთად.

 

სხვა გავრცელებული კათოლიკური ტრადიციები, როგორიცაა, შუაღამის ლიტურგიაზე დასწრება, ასევე მოქმედებს ლიბანში.

Christmas tree in Lebanon

 

Wheat

შობამდე, წმინდა ბარბარეს ღამეს, ზოგიერთი ქრისტიანული სოფელი ასევე იცავს სპეციალურ წეს-ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება თესლების დასათესად ბამბაში. 24 დეკემბრისთვის, ახალაღმოცენებული ყლორტები მზად იქნება და მოთავსდება საშობაო აკვანში, როგორც სიცოცხლის სიმბოლო.

ლიბანური ტრადიციის მიხედვით, ადამიანები ხორბალს თესავენ წმინდა ბარბარეს დღეს წმ. ბარბარესადმი თანაგრძნობის ნიშნად, რომელიც ხორბლის მინდორში იმალებოდა, როდესაც მამამისს გაურბოდა. დღესდღეობით, ჩვენ არ ვთესავთ მხოლოდ ხორბალს. ჩვენ ვთესავთ ოსპს, ბარდას ან ნებისმიერ მარცვლეულს, რომელიც კარგად იზრდება, და ვიყენებთ მათ საშობაო ნაძვის ხის მოსართავად.

 

Poinsettia

ლიბანში დეკემბრის თვე ასოცირდება წითელფოთლებიან მცენარესთან - პუანსეტასთან. ლიბანელებს უყვართ ამ მცენარის დიდი რაოდენობით შეძენა სახლების, მაღაზიებისა და ქუჩების მოსართავად.

„აქ პუანსეტა ნამდვილად საშობაო მცენარეა. ადამიანებს უყვართ მისი ჩუქება ან სახლის გარშემო მისი განთავსება მხიარული ატმოსფეროს შესაქმნელად“.

 

ლიბანში სანტა კლაუსი ასევე წითელ სამოსშია გამოწყობილი და თეთრ წვერს ატარებს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტემპერატურა 10°C-ზე მაღალია. 

როდესაც დეკემბრის დასაწყისში ქუჩები და სავაჭრო მაღაზიები მოირთვება პირველი ზღაპრული განათებებითა და მოციმციმე ვარსკვლავებით, ადამიანები ამჩნევენ, რომ შობა ახლოვდება.

ლიბანში ადამიანების უმეტესობა არაბულ ენაზე საუბრობს, ამიტომ „შობას გილოცავთ“ ნიშნავს „დაბადების დიდებულ დღესასწაულს“ ან შეგიძლიათ თქვათ - Kul 'am wa enta bi-khair, რაც ნიშნავს „ყოველ წელს ჯანმრთელად ყოფილიყავით“. ლიბანში ასევე საუბრობენ ფრანგულად, ამიტომ შეგიძლიათ უსურვოთ ადამიანებს Joyeux Noël!

შობა საქართველოში

table cloth

შობისა და ახალი წლის დღესასწაულები, საქართველოში ყველა სხვა დღესასწაულის მსგავსად, მჭიდროდაა დაკავშირებული სუფრის კულტურასთან, რომელიც გაცილებით ღრმაა, ვიდრე ჩვეულებრივი ჭამა-სმა. დღესასწაული იწყება მაგიდის გაშლით ტრადიციული ლურჯი სუფრით, რომელზეც თეთრი ფერით შესრულებული ორნამენტული გამოსახულება-სიმბოლოები ქართულ ფოლკლორში დამკვიდრებულ საუკუნოვან რწმენებს ასახავს. წარმოდგენა ასახავს ყველა ქართულ ოჯახში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს ცერემონიასა და წეს-ჩვეულებებს. ამ ტრადიციებიდან ზოგიერთი დღესაც ცოცხალია.

ძველ საქართველოში შობის დილა სურვილის ჩაფიქრებისა და კაკლის გატეხვის რიტუალით იწყებოდა: ტრადიციის მიხედვით, თუ კაკალი საღი იყო, იმ წელს სურვილიც ასრულდებოდა. კარზე ყოველთვის უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული ანგელოზის ხელნაკეთი ფიგურა, ხოლო საშობაო სუფრის მნიშვნელოვანი ატრიბუტები იყო მარადმწვანე მცენარეთა ტოტები.

ამას წინ უძღოდა შობის ღამე, როდესაც ალილოს შემსრულებლები (ალილო - საშობაო სიმღერა, სიტყვა „ალილო“ გამომდინარეობს სიტყვისგან „ალილუია“) იწყებდნენ სიარულს სოფლების გარშემო. ისინი ესალმებოდნენ ყველა ოჯახს და მღეროდნენ ალილოს, აკაკუნებდნენ სახლის კარებზე და ითხოვდნენ საშობაო საჩუქრებს. ვინაიდან შობის აღსანიშნავად ყველაფერი უკვე მზად იყო, ოჯახებს ჰქონდათ საჩუქრებით - საშობაო ღვეზლებით, ხორცით, კვერცხებით, ჩურჩხელებით, კანფეტებითა და ღვინით სავსე შეფუთვები ალილოს შემსრულებლებისთვის.

Figure of an angel

თუ მომღერლები დაკაკუნების გარეშე ჩაუვლიდნენ სახლს, ეს იმას ნიშნავდა, რომ მასპინძელი სიძუნწით იყო ცნობილი. შობის შემდგომი საზეიმო განწყობა ახალ წლამდე გრძელდებოდა. ამ კვირის განმავლობაში მეზობლები სტუმრობდნენ და მასპინძლობას უწევდნენ ერთმანეთს ახალი წლის აღსანიშნავად მოსამზადებელ დრომდე.

ძველ საქართველოში ახალი წელი - კალანდა - მოიცავდა წეს-ჩვეულებებს, რომლებიც უძველესი წარმართული და ქრისტიანული ტრადიციების თავისებურ ნაზავს წარმოადგენს.

Ritual

მომავალ წელს იღბლისა და კეთილდღეობის მოსაზიდად, ყველა ოჯახი საქართველოში ტრადიციულ რიტუალს ატარებდა ახალი წლის დილას. ცერემონია მოიცავდა სხვადასხვა ფორმის პაწაწინა პურების ცხობას. ამათგან უმნიშვნელოვანესი იყო კაცა-ბასილას ფიგურა, ჩირის თვალებითა და ხმლიანი ქამრით. ეს ფიგურა ცენტრალურ ადგილს იკავებდა საახალწლო კერძების ლანგარზე. ითვლებოდა, რომ კაცა-ბასილას ბედნიერება, სიხარული და კეთილდღეობა მოჰქონდა ოჯახისთვის. პურის სხვა ფიგურებს შორის იყო გუთანი, სამეურნეო იარაღები, ნაჯახები, შპინდელები, ვაზი, ხარირემი, წიწილა, ხმლები, რომლებიც სახლის მტრისგან დასაცავად ოჯახის მზადყოფნის სიმბოლოს წარმოადგენდა. ამ პურებს, ბასილას პურებს, მთელი ოჯახი აცხობდა, ბავშვების ჩათვლით.

კაცა-ბასილებსა და ბასილას პურებს, საახალწლო კერძების ლანგარზე დაწყობილ სხვა კერძებსა და ხილთან ერთად, აღმოსავლეთ საქართველოში აბრამიანთ ტაბლა ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ოჯახის უხუცესი მამრობითი სქესის წევრის მიერ ჩატარებული საახალწლო ცერემონიის მთავარი ატრიბუტი იყო: დედამიწის ოთხივე მხრიდან ბედნიერების მოსატანად, ის ოთხ სანთელს ანთებდა თეფშზე. ის მაღლა სწევდა თეფშს, დადიოდა სახლში და ხმამაღლა უგზავნიდა ლოცვა-კურთხევას ნათესებს, ვენახებს, საჯინიბოდ და ა.შ. და ყველას კეთილდღეობასა და ბარაქას უსურვებდა.

Katsabasila
Mekvle-papa

ითვლებოდა, რომ საახალწლო სუფრა წარმოადგენდა საჩუქარს მეკვლე-პაპისგან - შორეულ ტყეებში მცხოვრები ბაბუისგან. მოხუცი კაცის - მეკვლე-პაპის ხელნაკეთი ფიგურა კიდევ ერთი აუცილებელი ელემენტი იყო სახლში ახალ წელს.

 

ახალი წლის მნიშვნელოვან მორთულობებს შორისაა ჩიჩილაკი. ეს არის თხილის ტოტისგან გამოთლილი ხე, რომლის ტოტების ფუნქციასაც ასობით თხელი ხვიარა ბურბუშელა ასრულებს. ის საქართველოში ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებული უძველესი რიტუალის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ჩიჩილაკი, რომელიც სიცოცხლის ხის და ამგვარად, მარადიული განახლებისა და ნაყოფიერების სიმბოლოა, მორთულია წითელი კენკრით, ბროწეულებითა და ვაშლებით და გარშემორტყმულია საახალწლო კანფეტებით.

ხის წვერო შემკული იყო მარადმწვანე მცენარეთა ტოტებისგან ან ვაზისგან დაწნული გვირგვინით. ზოგჯერ ჩიჩილაკი მორთული იყო „ქათამ-წიწილას პურებით“, რომლებიც კვერცხის გულისგან მზადდებოდა. ვინაიდან ძველი ახალი წელი და წმ. ბასილის დღე 14 იანვარს აღინიშნებოდა, ხალხურ ტრადიციაში ჩიჩილაკს „წმ. ბასილის წვერსაც“ უწოდებენ.

Crown

Gvergvi

 

საქართველოში, ახალი წლის აღნიშვნის საუკუნოვან ატრიბუტებს შორისაა გვერგვი - ვაზისგან დაწნული გვირგვინი მასზე დამაგრებული თხილის ჯვრით. ტრადიციულად, ჯვრის კიდეები შემკული იყო ბროწეულებითა და წითელი ვაშლებით, ხოლო გვირგვინი გარშემორტყმული იყო მარადმწვანე მცენარეთა ტოტებითა და წითელი კენკრით.

Sculpture of a man making a toast

ბოლოს, საახალწლო დღესასწაული მთავრდება სუფრით, სადაც თამადა, რომელსაც წამყვანი როლი აკისრია, დადგენილი თანმიმდევრობით წარმოთქვამს სხვადასხვა სადღეგრძელოებს, ერთიანობას უსურვებს ქვეყანას და ბედნიერებას, სიხარულს, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და დღეგრძელობას უსურვებს მთელ ოჯახს.

 

შობა იტალიაში

იტალიაში საშობაო ატმოფერო ნოემბრის ბოლოდან იგრძნობა, თუმცა საშობაო სეზონი ოფიციალურად იწყება 8 დეკემბერს, უმანკო ჩასახვის დღეს. იტალიური ოჯახებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციაა Presepe, ან "Presepio". ესაა საშობაო დეკორაცია, რომელიც თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს!

8 დეკემბერს, უმანკო ჩასახვის დღესასწაულზე, იტალიური ოჯახები იწყებენ თავიანთი საშობაო დეკორაციის აწყობას. აქ წარმოდგენილია ყველა ცნობილი პერსონაჟი - მარიამი, იოსები, მოგვები და მწყემსები - მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია! გარეთ მთელი ბეთლემია. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ბაგა, რომელიც ცარიელი რჩება მანამ, სანამ ყრმა იესო გამოჩნდება და ბოლოს განთავსდება ბაგაში შობის ღამეს, რითაც ასრულებს დეკორაციას. ტრადიციულად, საშობაო დეკორაციები იტალიური სახლების წინ წარმოდგენილია 6 იანვარამდე, ეპიფანიამდე. საშობაო დეკორაციების მოწყობის ტრადიცია მე-13 საუკუნით თარიღდება. მათი პოპულარიზაცია უკავშირდება წმინდა ფრანცისკე ასიზელის სახელს, რომელმაც 1223 წელს, გრეჩიოში გამოქვაბულში ააშენა ბაგა ნამდვილი ცხოველებისა და ადამიანების გამოყენებით და საშობაო მესა ჩაატარა. ნეაპოლი განთქმულია ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მხატვრული საშობაო დეკორაციებით იტალიაში. სან გრეგორიოს ქუჩა ცნობილია ოსტატებით, რომლებიც ხელით თლიან ფიგურებს ხისა და ტერაკოტასგან და ღებავენ მათ. ისინი აწყობენ ყველა სახის საშობაო დეკორაციებს. ზოგიერთი მათგანის ფასი ასეულობით ევროს შეადგენს.

Presepe

მსოფლიოს ყველა კულტურის მსგავსად, იტალიელებსაც უყვართ შობის აღნიშვნა სუფრასთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად გემრიელი კერძების დაგემოვნებით. იტალიური საშობაო სუფრა სავსეა დამახასიათებელი კერძებით, რომლებიც იცვლება რეგიონების მიხედვით, მაგრამ არსებობს ორი ტრადიციული ნამცხვარი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს იტალიელების სუფრაზე. ესენია პანდორო და პანეტონი.

პანეტონი წმინდა სტრუქტურის, ერთგვაროვანი ცომისგან რბილი მასაა, ღია ყვითელი ფერისაა და სავსეა ქიშმიშითა და ცუკატებით. დაჭრისთანავე იგრძნობა პურისა და ციტრუსის ინტენსიური არომატი. ეს ნამცხვარი გამოცდილი კონდიტერების რამდენიმე საათიანი, უფრო სწორად კი, რამდენიმე დღიანი მუშაობის შედეგია. მისი წარმოება რეგულირდება სპეციფიკაციებით, რომლებიც ადგენს ყველა ინგრედიენტის, მათ შორის, ქიშმიშის, ციტრონისა და ფორთოხლის ცუკატების რაოდენობებს. საფუარით მომზადებულ ცომს ორი დღის განმავლობაში აჩერებენ და შემდეგ იწყებენ ცხობას. როდესაც ნამცხვარი გამოცხვება, მას მთელი დღით ტოვებენ, შემდეგ კი თავდაყირა ამოატრიალებენ გასაშრობად. პანეტონის წარმოშობა შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, როდესაც ადამიანებმა გადაწყვიტეს შობის აღნიშვნა უფრო მდიდრული პურით, ვიდრე ყოველდღიური პურია. პანეტონის მარადიული კონკურენტი - პანდორო - კიდევ ერთი ტიპიური იტალიური საშობაო ნამცხვარია.

Panettone

ვარსკვლავის ფორმის ნამცხვარს, რომელიც შაქრის პუდრითაა დაფარული, რბილი და კომპაქტური ცომისგანაა დამზადებული, ერთგვაროვანი კონსისტენცია აქვს და სრულყოფილი და ხავერდოვანი გემო ახასიათებს. ამ ნამცხვრის გამოსაცხობად საჭიროა ორმაგი ცომი, რომლის ამოფუებაც ხანგრძლივ დროს საჭიროებს. მისი სირბილე მიიღწევა ფქვილისა და კვერცხების ხანგრძლივი შერევის პროცესით და ჰაერი თანდათანობით უფრო აფუებს და ერთგვაროვანს ხდის ნარევს. მეორეს მხრივ, კარაქის დამატება ცხიმიანობას ანიჭებს ნამცხვარს, რის გამოც ის პირში დნება. საბოლოოდ, ვანილი და ფორთოხლის ან ლიმნის ცედრა წარმოადგენს არსებით შტრიხებს, რომლებიც მას ორიგინალურ არომატსა და სურნელს ანიჭებს.

5 საინტერესო ფაქტი შობის შესახებ! 

1. კოკა-კოლამ მონაწილეობა მიიღო სანტას იმიჯში

1931 წელს „კოკა-კოლამ“ დაიქირავა ილუსტრატორი სახელად ჰადონ სანდბლომი სანტას იმიჯის ხელახლა შესაქმნელად. სასმელების კომპანიის რეკლამაში მონაწილეობამდა, სანტას იმიჯი შიშის მომგვრელი უფრო იყო, ვიდრე მხიარული და ღამის კოშმარების გამოწვევაც კი შეეძლო.

2. ჰოლანდიელები - პეჩენიებისა და რძის „ინფლუენსერები“

ჰოლანდიელების წყალობით, სანტა წასახემსებლებს იღებს ბავშვებისგან, რაც ეხმარება მას, რომ დანაყრებული იყოს თავისი მოგზაურობის მანძილზე. გადმოცემის თანახმად, 6 დეკემბერს, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს, ბავშვები სანტას პეჩენიასა და რძეს უტოვებენ საჩუქრების სანაცვლოდ.

3. ჩამოკიდებული წინდები შემთხვევითობაა 

ბუხართან ჩამოკიდებული წინდების ლეგენდა დაიწყო მაშინ, როცა ერთ ღარიბ კაცს არ ჰქონდა საკმარისი ფული თავისი სამი ქალიშვილის მზითვებისთვის. როდესაც ამის შესახებ შეიტყო წმინდა ნიკოლოზმა, გულუხვმა მოხუცმა სანტამ, ოქროთი სავსე ტომარა ჩამოაგდო მათ ბუხარში ერთ-ერთ ღამეს, როცა გოგონებმა თავიანთი გარეცხილი წინდები ჩამოკიდეს გასაშრობად.

4. ასტრონავტები კოსმოსიდან ასრულებენ "Jingle Bells" 

1965 წელს, შობამდე ცხრა დღით ადრე, Gemini 6-ის ბორტზე მყოფმა ორმა ასტრონავტმა აცნობა ფრენის მართვის ცენტრს, რომ მათ დაინახეს, თუ როგორ აპირებდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დედამიწის ატმოსფეროში შეღწევას. როდესაც ვითარება დაიძაბა, მათ შეაჩერეს მაუწყებლობა "Jingle Bells" მელოდიით - უოლი შირა უკრავდა მცირე აკორდეონზე, ხოლო ტომ სტეფორდი პატარა მარხილის ზანზალაკებს აწკარუნებდა. 

5. სანტას მისამართი აქვს

კანადის საფოსტო განყოფილებაში მომუშავე ძალიან დიდი და კეთილი გულის მქონე ძალიან კარგმა ადამიანებმა წამოიწყეს ინიციატივა „სანტასთვის წერილების მიწერის პროგრამა“. მათი წყალობით, ბავშვები ახლა იღებენ პასუხს სანტას ელფებისგან. ასე რომ, თუ გსურთ მისწეროთ სანტას, აი მისამართიც: კანადა, H0H 0H0, ჩრდილოეთ პოლუსი, სანტა კლასუსს. არ დაგავიწყდეთ წერილში თქვენი მისამართის მითითება და მისი გაგზავნა 10 დეკემბრამდე.

ჩამოტვირთვა